როგორ ვუპასუხოთ შეკითხვას: „რატომ უნდა დაგასაქმოთ თქვენ?“

გასაუბრებაზე ერთ-ერთი გავრცელებული კითხვაა: „რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ მოცემულ პოზიციაზე?“ როგორ ვაჩვენოთ, რომ თქვენ ხართ იდეალური კანდიდატი? გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ დამაჯერებელი პასუხი გასცეთ მოცემულ შეკითხვას.

1. საერთო ინტერესი
განსაზღვრეთ თქვენი დასაქმების შემთხვევაში რას მოიგებს არა მარტო კომპანია, არამედ თქვენც. ხაზი გაუსვით, რომ თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანი, ვისაც ეძებს დამსაქმებელი, ვინაიდან გაგაჩნიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. თუმცა, აუცილებლად დაამატეთ რას შეიძენთ პირადად თქვენ მოცემულ კომპანიაში, მოცემულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში. ამგვარად, თქვენ მიანიშნებთ დამსაქმებელს მიზეზებზე თუ რატომ იქნებით მუდმივად მოტივირებული - რაც ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტია გადაწყვეტილების მიღების დროს.

2. თქვენ ხართ ექსპერტი
კითხვა „რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ მოცემულ პოზიციაზე?“ გულისხმობს შემდეგს - რატომ თქვენ და არა სხვა კანდიდატი?! გაითვალისწინეთ, რომ თქვენ და სხვა კანდიდატებს გაგაჩნიათ მეტნაკლებად თანაბარი გამოცდილება, ამიტომ უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად აჩვენოთ, რომ თქვენ მათ სჯობნით და ხართ იდეალური მოცემული პოზიციისთვის. როგორ მოვახერხოთ ეს? პასუხი მარტივია:
• აჩვენეთ, რომ გაგაჩნიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება
• კარგად შეისწავლეთ კომპანიის საქმიანობა; ნუ შემოიფარგლებით აღწერილობით - გაეცანით ისტორიას, სამომავლო გეგმებს, კომპანიასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს, რითი განსხვავდება ის ინდუსტრიაში არსებული სხვა კომპანიებისგან - შესაბამისად, დამსაქმებელი დაინახავს თქვენს მონდომებას.

3. თქვენ შეგიძლიათ პრობლემის გადაჭრა
ვაკანსიის შემთხვევაში, კომპანიას აქვს პრობლემა - ეძებს იდეალურ კანდიდატს. ყურადღებით გააანალიზეთ ვაკანსიის ტექსტი და აჩვენეთ დამსაქმებელს, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება, ხაზი გაუსვით იმ უნარებს, რაც ამ ეტაპზე განსაკუთრებით ესაჭიროება კომპანიას და რაც სამომავლოდ შეიძლება გამოადგეს.

„StepUp“-ის გუნდი წარმატებას გისურვებთ!