სტაჟირება - გამოცდილების მიღების შესაძლებლობა თუ უფასო მუშა ხელი?

ბოლო პერიოდში სტაჟიორი არც ისე პრესტიჟულ "თანამდებობად" ითვლება. ხშირად ისმის კრიტიკა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სტაჟირებას აცხადებენ, განსაკუთრებით დასაქმების პერსპექტივის გარეშე და ამასთან კანდიდატებს კომპენსაციას არ სთავაზობენ. საზოგადოების მხრიდან ეს აღიქმება, როგორც კომპანიის მცდელობა დაზოგოს ადამიანური და ფინანსური რესურსები. კი ბატონო, ეს ასეც არის! თუმცა ღირს თუ არა ამის გამო სტაჟირების შესაძლებლობებზე უარის თქმა? რეალურად რა სარგებლობა მოაქვს სტაჟირებას?

 

საბედნიეროდ კომუნისტურ წყობას დავემშვიდობეთ და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურებში არ "გაგვანაწილებენ". იმ ქვეყანაში კი, სადაც ტაქსისტსაც 2 დიპლომი აქვს, მხოლოდ დიპლომით შორს ვერ გავფრინდებით. უნივერსიტეტი (მით უმეტეს საქართველოში) არ იძლევა ისეთ ცოდნას და უნარებს, რომელსაც შრომის ბაზარზე გასვლისთანავე სარფიანად გაყიდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დამთავრების პერიოდისთვის უკვე გვქონდეს გარკვეული გამოცდილება, თუნდაც სტაჟიორის პოზიციაზე მუშაობით ან მოხალისეობით დაგროვილი. 

 

ახლა ალბათ იტყვით, რა გამოცდილებას მიიღებ ქსეროასლების გადაღებით, ან არქივის მოწესრიგებითო. თუმცა აქ საქმე სხვაგვარადაა. რეალურად თქვენ ამ არასაინტერესო სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ იღებთ სხვა ბენეფიტებს.

 

1. კონტაქტების გაფართოვების შესაძლებლობა. აშშ-ში ნეთვორქინგი ლიდერობს, როგორც დასაქმების საუკეთესო საშუალება, რომელიც სხვადასხვა კვლევების თანახმად 35-40%-მდე მერყეობს. დიახ, ეს იგივეა, რასაც ჩვენთან "ნაცნობობით დასაქმებას" ეძახიან და ამაში ანომალიური არაფერია, თუ ეს პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ხდება (არაკვალიფიციური ნათესავის დასაქმებასა და ნეპოტიზმზე არ გვაქვს საუბარი). თუ თქვენ გყავთ ნაცნობი, ყოფილი თანამშრომელი ან თუნდაც ლექტორი, რომელიც რეკომენდაციას გაგიწევთ, ეს თქვენივე დამსახურებაა, რადგან რეკომენდაციის გაწევა პასუხისმგებლობაა და არავის სურს დააყენოს საკუთარი იმიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ. 

 

2. დასაქმების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა გამოცხადებული სტაჟირება დასაქმების პერსპექტივითაა თუ არა, ის გარკვეულწილად მაინც შეიცავს ამ პერსპექტივას. შესაძლოა წინასწარ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ წარმოიქმნას კადრის საჭიროება და თუ თქვენი კანდიდატურა მისაღები იქნება ვაკანტური თანამდებობის შესავსებად დიდი შანსია, რომ თქვენზე შეაჩერონ არჩევანი. ეს კი ისევ თქვენზეა დამოკიდებული და იმაზე, როგორ წარმოაჩენთ თქვენს შესაძლებლობებს სტაჟირების პერიოდში.

 

3. შესაძლებლობა, ისწავლოთ გარშემომყოფთაგან. მართალია სტაჟირებისას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებთ, მაგრამ შეგიძლიათ დაინახოთ როგორ იმართება გუნდი, ორგანიზაცია მთლიანად და მისი შემადგენელი ნაწილები. გარდა ამისა, გაეცნობით სფეროს, რომელშიც გეგმავთ კარიერის გაგრძელებას, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, რამდენად გსურთ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში. მოკლედ თქვენზეა დამოკიდებული რას ისწავლით სტაჟირების პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ რა ამოცანების შესრულება მოგიწევთ. ყველა სიტუაციიდან შეიძლება რაღაც ახლის და სასარგებლოს სწავლა, მთავარია გააანალიზოთ რა, როგორ და რატომ ხდება გარშემო.

 

4. უფრო მიმზიდველი რეზიუმე. "არ მაქვს გამოცდილება და ვერ ვსაქმდები. თუ არ დამასაქმებენ, როგორ მივიღებ გამოცდილებას?" ხშირად გვსმენია ეს სიტყვები. ასეთი სიტუაციის თავის ასარიდებლად, შეგვიძლია, დავიწყოთ სტაჟირებით უკვე სტუდენტობის პერიოდში და სწავლის დამთავრებისას აღარ გვექნება რეზიუმე, რომელშიც მხოლოდ უმაღლესი განათლება და საკონტაქტო ინფორმაცია იქნება მოცემული. თუმცაღა სტაჟირების გავლას თუ მხოლოდ იმიტომ დასთანხმდებით, რომ "CV-ში ჩაწეროთ", უმჯობესია პუნქტი 1 და 3 ისევ გადაიკითხოთ.

მოკლედ თქვენი გადასაწყვეტია იქნებით უფასო მუშა ხელი, ისწავლით ქაღალდების დახარისხებას და შემდეგ "CV-ში ჩაწერთ" გამოცდილებას თუ ისწავლით გამოცდილი ადამიანებისგან, გაიფართოვებთ კონტაქტებს და გამოიყენებთ ამ ყველაფერს კარიერული წინსვლისა და პიროვნული განვითარებისთვის.

 

StepUp-ის გუნდი წარმატებებს გისურვებთ!