როგორ კადრებს ეძებს ფეისბუქი?

Facebook-ი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამ კომპანიაში დასაქმებულია 13 000-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. რა თქმა უნდა, ფეისბუქის რეკრუტერები დიდი სიფრთხილით არჩევენ მომავალ თანამშრომლებს და ეძებენ არა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭისა და ტალანტის მქონე ადამიანებს, არამედ ისეთებს, რომლებიც ასევე იზიარებენ კომპანიის მისიას.

ფეისბუქის გლობალური რეკრუტინგის ხელმძღვანელი მონიკა კალინოვსკი Business Insider-თან ინტერვიუში აღწერს, თუ როგორია ამ კომპანიაში დასაქმების პროცედურა. "ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც განვითარებაზე არიან ორიენტირებული, ეს იქნება ინჟინერი თუ ფინანსისტი, უნდა შეეძლოს განავითაროს კომპანია." 

სანამ აპლიკანტს აიყვანენ, ის გადის 4-5 ინტერვიუს, სადაც ფასდება მისი შესაძლებლობები და კომპანიის ორგანიზაციულ კულტურასთან შესაბამისობა.

პირველი ეტაპი არის სატელეფონო ინტერვიუ რეკრუტერთან, რომელიც აფასებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას და მის მოტივაციას.

მეორე ეტაპი არის ე.წ. "ტექნიკური" გასაუბრება, რაც გულისხმობს იმას, რომ კანდიდატს უკავშირდება ტექნიკური პერსონალი და ამოწმებს მის უშუალო ცოდნას იმ მიმართულებით, სადაც უნდა იმუშავოს მომავალში. მაგალითად, თუ ინჟინრის ვაკანსიაა, ურეკავს ერთ-ერთი ინჟინერი და არა რეკრუტერი, რომელმაც არაფერი იცის პროგრამირებაზე. თავის მხრივ, ეს არა-რეკრუტერი თანამშრომლები, რომელიც ატარებენ გასაუბრებას, კარგად არიან დატრენინგებული იმისთვის, რომ სწორად დასვან კითხვები და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.

მესამე ეტაპი ხდება უშუალოდ ფეისბუქის ოფისში, რომელიც წარმოადგენს ტურისა და ვირტუალური რეალობის სათვალის კომბინაციას. ასეთნაირად ფეისბუქის რეკრუტერები ცდილობენ, კანდიდატს მოეხსნას სტრესი და მეტად გაიხსნას გასაუბრებაზე. კალინოვსკი ამბობს, რომ "ეს ორმხრივი პროცესია, რომელიც კანდიდატს აძლევს საშუალებას გაიგოს მეტი ჩვენ შესახებ ისევე, როგორც ჩვენ - მის შესახებ".

დანარჩენი ორი გასაუბრება დამოკიდებულია პოზიციაზე. თუმცა რეკრუტინგის პროცესის განმავლობაში კანდიდატს აუცილებლად უსვამენ ჰიპოთეზურ და ლოგიკის გამოსავლენ შეკითხვებს. ასევე პოპულარულია კალინოვსკის საყვარელი კითხვა - "ისეთი სამუშაო დღის ბოლოს, როცა სახლში მიდიხარ და ფიქრობ, რომ საუკეთესო სამსახური გაქვს მსოფლიოში, რა გააკეთე დღის განმავლობაში?"

წარმატებული კანდიდატები, რომლებიც საქმდებიან ფეისბუქში არიან ისეთები, რომლებიც ისევე მოტივირებული არიან ფეისბუქში მუშაობით, როგორც თავად მარკ ცუკერბერგი. კალინოვსკის თქმით, "როცა მარკს უსმენ, მისი მოტივაცია, რომ კიდევ 5 მილიარდი ადამიანი უნდა დააკავშიროს ერთმანეთს ფეისბუქმა და დასვენების დრო არ არის, ინფექციასავით გადამდებია".

 

 

 

წყარო: Business Insider