როგორ შევადგინოთ CV ბოლო ტრენდების გათვალისწინებით?

რეზიუმეს შედგენის ტრენდები ყოველ დღე იცვლება. დასავლეთში რეზიუმეს ექსპერტები ყოველდღიურად მუშაობენ სამუშაოს ძიების ამ საშუალების გაუმჯობესებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ვიზიუმე (რეზიუმე ვიდეოს სახით) არის ძალიან აქტუალური, რეზიუმე უფრო ფართოდ მოხმარებად დოკუმენტად რჩება.

რა არ უნდა ჩავწეროთ რეზიუმეში?

1. არ არის საჭირო რეზიუმეს დავაწეროთ “CV” ან „რეზიუმე“. ეს ისედაც ცხადია დამსაქმებლისთვის. წარმოიდგინეთ, რომ რეზიუმე არის თქვენი, როგორც პროდუქტის სარეკლამო ფლაერი. მოგეწონებოდათ, რომ ქუჩაში პრომო ბიჭუნას მოეცა რომელიმე კომპანიის ფლაერი, რომელსაც სათაურად ეწერებოდა „რეკლამა“ ან „ფლაერი“?

2. ოჯახური მდგომარეობა. რეზიუმეში ისეთი ინფორმაციის მითითება, რომელიც პროფესიულ გამოცდილებასთან, ცოდნასა და უნარებთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ ზედმეტ ინფორმაციად ითვლება. ამასთან, ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსაქმებლისთვის ითვლება დისკრიმინაციის საფუძვლად.

3. დაბადების თარიღი. თუ დამსაქმებელი კონკრეტულად არ მოითხოვს დაბადების თარიღის მითითებას (ან აპლიკაციას ვავსებთ საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის), არ არის აუცილებელი მივუთითოთ დაბადების თარიღი. დამსაქმებელმა უნდა შეგვაფასოს ცოდნითა და გამოცდილებით და არა ასაკის მიხედვით.

4. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ. ხშირია შემთხვევა, როცა აპლიკანტები დამსაქმებლებს ინფორმაციას აწვდიან ოჯახის წევრების შესახებ, რომელიც სრულიად უსარგებლოა რეკრუტერისთვის. თუმცა საჯარო სამსახურში დასასაქმებლად ხშირად გვიწევს საჯარო სამსახურის ბიუროს სააპლიკაციო ფორმაში ამ ინფორმაციის მითითება.

5. მისამართი. თანამედროვე ტრენდების მიხედვით, აშშ-ში წამყვანი კარიერული კონსულტანტები და რეკრუტერები თვლიან, რომ მისამართის მითითება აღარ არის აქტუალური, ვინაიდან ფოსტით გასაუბრებაზე მოწვევას არავინ გამოგიგზავნით. უფრო მეტიც, ითვლება, რომ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიწოდება არ არის მიზანშეწონილი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

6. სახლის ტელეფონის ნომერი. უმჯობესია მივუთითოთ მობილურის მიმდინარე ნომერი, რომ თავი ავარიდოთ ზედმეტ გაუგებრობებს.

7. არაპროფესიონალური ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეკრუტერები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თქვენი იმეილის მისამართს. არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს ისეთი მისამართები, როგორიცაა lamazuka@mail.ru, natashka1994@yandex.ru, cqnafa@bk.ru და მისთანები. უმჯობესია შევქმნათ იმეილის მისამართი Gmail-ზე სრული სახელისა და გვარის მითითებით, ან სახელის ინიციალი და გვარი. მაგ.: saxeligvari@gmail.com, s.gvari@gmail.com. სასურველია, რომ სულაც ცალკე გვქონდეს სამსახურის ძიებისთვის განკუთვნილი იმეილი და იქედან მოვახდინოთ კომუნიკაცია რეკრუტერებთან.

8. სურათი. დასავლეთში ითვლება, რომ რეზიუმეში სურათის ჩართვა დისკრიმინაციის საფუძველია და არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად. თუმცა ქართულ რეალობაში სურათი რეზიუმეს თითქმის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება. როგორი უნდა იყოს რეზიუმეს სურათი? სურათი უნდა იყოს კარგი ხარისხის, ბიზნეს კონტექსტში გადაღებული და პოზიტიური. არ არის აუცილებელი სურათი იყოს 3x4 ფორმატის, თუმცა არც ძალიან მხატვრული ფოტო იქნება უპრიანი.

StepUp-ის გუნდი წარმატებას გისურვებთ!