8 ფრაზა, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ გასაუბრებაზე

1. "ბოდიში დაგვიანებისთვის." უბრალოდ არ უნდა დააგვიანოთ, თავიდანვე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნით თუ დაიწყებთ ურთიერთობას, შორს ვერ გაფრინდებით. არც ძალიან ადრე მისვლა იქნება უპრიანი, 5-10 წუთით ადრე მისვლა საკმარისია.

2. "თქვენი კომპანია რას საქმიანობს"? სანამ გასაუბრებაზე მიხვალთ აუცილებლად უნდა მოემზადოთ. დღეს უკვე თითქმის ყველა სერიოზულ კომპანიას აქვს ვებ გვერდი, ან Facebook-ის გვერდი მაინც. შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ, წაიკითხოთ მათ შესახებ, რა პროექტებს ახორციელებენ, რა არის მათი მისია, ხედვა და ა.შ. ასე მომზადებული და მონდომებული კანდიდატის შთაბეჭდილებას დატოვებთ დამსაქმებელზე.

3. "კონკრეტულად რა გაინტერესებთ?" როცა დამსაქმებელი გეუბნებათ "მოგვიყევით თქვენ შესახებ" ან გეკითხებათ რომელიმე პროექტის შესახებ, რაც რეზიუმეში გიწერიათ, ასეთი კითხვის დასმით თქვენ გამოავლენთ, რომ არ ხართ მომზადებული გასაუბრებისთვის. გასაუბრებაზე წასვლამდე უმჯობესია რამდენჯერმე წაიკითხოთ ვაკანსიის სამუშაო აღწერილობა, სადაც, როგორც წესი, მოცემულია დამსაქმებლის მოთხოვნები და მოლოდინები. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება განსაზღვროთ რა აინტერესებს რეკრუტერს "კონკრეტულად".

4. "ყველაფერს გავაკეთებ." რეკრუტერები ეძებენ არა უბრალოდ კადრს, არამედ ადამიანს, რომელიც მოტივირებულია იმუშაოს ამ კონკრეტულ პოზიციაზე და, რაც მთავარია, იცის რა უნდა. ამ ფრაზით კი თქვენ დატოვებთ სასოწარკვეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც უბრალოდ სამსახური სჭირდება და ყველანაირ სამუშაოზე თანახმაა.

5. "რეზიუმეში წერია." როცა რეკრუტერი გისვამთ ისეთ შეკითხვას, რომელზე პასუხიც რეზიუმეში მოიძებნება, ე.ი. მას აინტერესებს უფრო დეტალურად ამ კონკრეტული პოზიციის/უნარის/პროექტის შესახებ. ეს შეკითხვა გამოიყენეთ შესაძლებლობად, რომ წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები და გაახმოვანოთ რეზიუმეში მოცემული ინფორმაცია ვრცლად და, რაც მთავარია, თავდაჯერებულად.

6. "ვერ ვეწყობი უფროსს." როცა დამსაქმებელი გეკითხებათ რით არის გამოწვეული სამსახურის შეცვლის სურვილი (ან რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან), არ არის აუცილებელი მიზეზად ხელმძღვანელთან კონფლიქტი დაასახელოთ ან ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიოთ მიმდინარე ან წინა დამსაქმებლები. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ იმაზე, თუ რა ისწავლეთ წინა სამსახურებში და რის გაკეთებას აპირებთ მომავალში.

7. "არ ვიცი." რაც უნდა ზედმიწევნით მოემზადოთ გასაუბრებისთვის და ყველა შესაძლო კითხვაზე მოამზადოთ პასუხი, მაინც დაგისვამენ ისეთ შეკითხვას, რომელიც არ გქონდათ გათვლილი. ასეთ დროს პასუხად "არ ვიცი" არ არის გამოსავალი. შეგიძლიათ ითხოვოთ რამდენიმე წუთი დასაფიქრებლად, ან იმსჯელოთ, ან დამატებითი კითხვა დაუსვათ რეკრუტერს, რაც პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

8. "არა, კითხვები არ მაქვს." გასაუბრების დასასრულს, როგორც წესი, გამსაუბრებელი გაძლევთ შესაძლებლობას, კითხვა დაუსვათ თქვენვის საინტერესო საკითხებზე. უმჯობესია გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ მოცემულ პოზიციასთან თუ კომპანიის ორგანიზაციულ კულტურასთან დაკავშირებით.

 

 

Stepup-ის გუნდი წარმატებებს გისურვებთ!