რატომ არ კითხულობს რეკრუტერი თქვენს CV-ს?

შეგიხედავთ თქვენი რეზიუმესთვის რეკრუტერის თვალით? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენელი, გამოაცხადეთ ვაკანსია და მეილზე ყოველდღიურად მოდის ასობით CV. როგორ ფიქრობთ, შეძლებდით ყველას დეტალურად გაცნობას? დიახ, თქვენ მართალი ხართ - ვერ შეძლებდით. პირველ რიგში იმიტომ, რომ დრო არ გეყოფოდათ ამისთვის, მეორე - სურვილი არ გაგიჩნდებოდათ წაგეკითხათ რეზიუმეები, რომლის ავტორებს დაეზარათ მისი შექმნის შემდეგ გადაკითხვა და გრამატიკული შეცდომების გასწორება; ან არ ჩანს, რომ ამ კონკრეტული ვაკანსიისთვის არის მორგებული და შეიცავს უამრავ არარელევანტურ ინფორმაციას; ან იმდენად ცუდი აღსაქმელია ვიზუალურად, რომ ასობით რეზიუმეს განხილვით გადაღლილი ტვინი უბრალოდ უარს აცხადებს დამატებით ჩახლართული ინფორმაციის გადამუშავებაზე.

ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ რეზიუმეს ფორმატზე. არაფერი გამოიყურება უფრო ცუდად, ვიდრე ცხრილის სახით გაკეთებული რეზიუმე (ზოგ შემთხვევაში გვხვდება Excel-შიც კი). უმჯობესია განყოფილებები გამოვყოთ პატარა შუალედებით და მუქი სათაურებით, მაგალითად, პროფესიული გამოცდილება, განათლება, ენები და ა.შ. ასევე საჭიროა დავიცვათ ველი.

ძალიან მნიშვნელოვანია რეზიუმეს სტილისტიკურად გამართვა:

• აირჩიეთ ერთი ფონტი და ამ ფონტით შეადგინეთ მთელი რეზიუმე. შეგიძლიათ ქვეგანყოფილებები დაასათაუროთ მაგ. მთავრული ფონტით, მაგრამ ძალიან ცუდად აღიქმება ერთ წინადადებაში სხვადასხვა შრიფტის გამოყენება.

• თუ ქრონოლოგიურ რეზიუმეს ადგენთ, საჭიროა სხვადასხვა კომპანიაში/პოზიციაზე მუშაობის ისტორია წარმოვადგინოთ რევერსული ქრონოლოგიით, ვინაიდან დამსაქმებელს აინტერესებს უახლესი გამოცდილება. რაც მთავარია ეს მიდგომა უნდა ვრცელდებოდეს ყველა განყოფილებაზე, მაგალითად განათლება/ტრენინგები, სამუშაო გამოცდილება.

• არ დატოვოთ ცარიელი ადგილები. ვთქვათ სტუდენტი ხართ და არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, უმჯობესია ეს პუნქტი საერთოდ გამოტოვოთ, ვიდრე დაწეროთ სათაური და შემდეგ დატოვოთ ცარიელი ადგილი, ან დაწეროთ, რომ არ გაქვთ გამოცდილება.

გრძელი რეზიუმე არ ნიშნავს კარგ რეზიუმეს და პირიქით. ზოგ შემთხვევაში, პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, CV შეიძლება 4-5 გვერდიანიც კი გამოვიდეს. ასეთ დროს უმჯობესია ქრონოლოგიური რეზიუმეს ნაცვლად გამოვიყენოთ ფუნქციური, ანუ თავი მოვუყაროთ მხოლოდ ისეთ ინფორმაციას, რომელიც რელევანტურია იმ კონკრეტული პოზიციისთვის, რომელზეც ვაკეთებთ განაცხადს. თუ ახალი კურსდამთავრებული ხართ, ერთგვერდიანი რეზიუმე ოპტიმალურია. გავრცელებული შეხედულება, რომ „CV უნდა იყოს ორგვერდიანი“ ხშირ შემთხვევაში დამწყებებს უბიძგებს, რომ შეავსონ სივრცე 2 გვერდამდე და ხელოვნურად გაზარდონ მოცულობა. ამ შემთხვევაშიც მოქმედებს მიდგომა - „მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა“.

და ბოლოს, სახელდახელოდ შექმნილი ფორმატი რომ არ აირიოს სხვა კომპიუტერით, პლანშეტით ან თუნდაც ტელეფონით გახსნისას, სასურველია რეზიუმე გაიგზავნოს pdf ფორმატით (ნაცვლად Word-ისა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად გამოიყენება).

 

 

StepUp-ის გუნდი წარმატებას გისურვებთ!