როგორ მიმიყვანა „სულელურმა“ კარიერულმა გადაწყვეტილებამ ყველაზე სასურველ სამსახურამდე

გვსურს გაგიზიაროთ კომპანია QED Investors-ის დამფუძნებლის, Caribou Honig-ის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა საყვარელი საქმე „სულელური“ კარიერული გადაწყვეტილების საშუალებით:

“ცხრა წლის წინ მივიღე სულელური გადაწყვეტილება: დავტოვე ძალიან კარგი თანამდებობა კომპანია „Capital One“-ში, სადაც 10 წლის მუშაობის შემდეგ უკვე ძალიან გადაღლილი ვიყავი. 35 წლის ასაკში, ოჯახური სიტუაციის, პასუხისმგებლობის და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, შემეძლო ამეღო 6 თვიანი შვებულება, მაგრამ ამის ნაცვლად უბრალოდ სამსახურიდან წამოვედი.

ასე დრო გამომიჩნდა, რომ კარგად დავფიქრებულიყავი, როგორ გამეხადა ჩემი კარიერა ისევ საინტერესო. პასუხი ხომ თავისით არ მოვიდოდა ჩემთან სანამ ოფისში ვიჯექი და ვპასუხობდი იმეილებსა და სატელეფონო ზარებს. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერს ჩამოვშორებულიყავი და მომესმინა თუ „რას მირჩევდა“ სამყარო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო კარიერული გადაწყვეტილება.

მესმის, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა უარი თქვას ხელფასზე და მუდმივ სამსახურზე, თუმცა ყოველთვის უნდა სცადო და მოუსმინო „სამყაროს“, მაშინაც კი, როცა ეს ცოტა გიჟურად გეჩვენება. მინდა მოგითხროთ თუ რა ვისწავლე ამ პროცესში.

მაშინაც კი, როცა არ იღებ გადაწყვეტილებას, აკეთებ არჩევანს. სამსახურიდან წამოსვლის განცხადება გავაფორმე იანვრის მოღუშულ დღეს. თუმცა ცა უფრო ნათელი მეჩვენებოდა, ბუნება უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი, საჭმელი უფრო გემრიელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც განვთავისუფლდი, მივხვდი თუ რამდენად ჩამკეტა და შემბოჭა ყოველდღიურობამ. საქმე იმაშია, რომ ყოველდღიურობას სამსახურში ადვილად ეჩვევი და ფიქრობ, რომ „საქმე არც თუ ისე ცუდადაა“. თუმცა, სამსახურიდან წამოსვლიდან რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ „საქმე არც თუ ისე ცუდადაა“ არ უნდა შეგეშალოს „ყველაფერი კარგად არის“-ში. მოდით გავაკეთოთ ლიტმუსის ტესტი: როგორია თქვენი მოლოდინი როდესაც მიდიხართ დილით სამსახურში? იყავით საკუთარ თავთან მართლები. თუ პოზიცია, რომელზეც მუშაობთ თქვენთვის შესაფერისია, თითქმის მთელი კვირის განმავლობაში სამსახურში წასვლას მოუთმენლად ელოდებით, შეიძლება ერთი დღე იყოთ ამბივალენტური, მეორე დღე ოდნავ შეშინებული (ზოგადად ორშაბათობით). რა თქმა უნდა, მძიმე დღეები გექნებათ მაშინაც კი, როდესაც გიყვართ თქვენი სამსახური, მაგრამ კარგი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ცუდი. იმის აღიარებით, რომ არ ხართ ბედნიერი გარკვეულ პოზიციაზე თუ კომპანიაში, თქვენ აკეთებთ არჩევანს, რომ ასეც დარჩეს. ამიტომ, შეცვალეთ ყველაფერი - მიიღეთ გადაწყვეტილება იყოთ ბედნიერი და თამამად მართოთ საკუთარი კარიერა.

მთავარია იპოვო სწორი კითხვები და არა - პასუხები. დაახლოებით ერთ თვეში, შევამჩნიე, რომ ძალა მემატებოდა. მომეცა შესაძლებლობა მეტი დრო დამეთმო საკუთარი თავისთვის და ჩემი ოჯახისთვის - შვილებისთვის და მეუღლისთვის, მეტს ვკითხულობდი და ვვარჯიშობდი. ჩემს ყოველდღიურობაში გამოთავისუფლდა დრო ფიქრისთვის, შესაბამისად გამიჩნდა უამრავი იდეა. ზუსტად ამ ეტაპზე მივხვდი, რომ არაფერია ცუდი იმაში, როდესაც გაქვს ბევრი იდეა, არ აქვს მნიშვნელობა კარგი თუ ცუდი, დაუმუშავებელი თუ უკვე ჩამოყალიბებული. მივხვდი, რომ საუკეთესო იდეა ჩნდება სწორედ რომ ძიების და ანალიზის პროცესში. არ არის სავალდებულო გქონდეს გარკვეული სტრატეგია, გეგმა ან პასუხი ყველა კითხვაზე.

სამყარო „გიპასუხებს“, თუ მოუსმენ. ვიცი რასაც ფიქრობთ - კარგია დრო ფიქრისთვის, მაგრამ ამაში ფულს არავინ გიხდის. მიუხედავად გრძნობისა, რომ უნდა ვყოფილიყავი სტარტაფ საზოგადოების ნაწილი, მაინც ვფიქრობდი კორპორატიულ სფეროში დაბრუნებაზე, ვიყავი ინტერვიუზე ერთ-ერთ კომპანიაში. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, „მამა მართალი იყო. არ უნდა წამოსულიყავი სამსახურიდან, უნდა გაგეფორმებინა შვებულება. რას ნიშნავს ეს სისულელე იმაზე რომ უნდა მოუსმინო „სამყაროს“? სწორედ მაშინ, როცა ჩემი მღელვარება პიკს აღწევდა, მივიღე იმეილი კომპანია „Capital One“-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისგან, იცოდა რომ თავისუფალი ვიყავი და შემომთავაზა ძალიან კარგი შესაძლებლობა. როგორც აღმოჩნდა, ამ შემოთავაზებაზე არსებული თანამშრომლის ჩართვა კომპანიის შიდა განაწესის დარღვევად ჩაითვლებოდა. ანუ თავიდანვე რომ ამერჩია „სწორი გზა“ და ამეღო შვებულება, ამ შემოთავაზებას ვერ მივიღებდი. ამან კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება და ყველა ჩემმა წინა გადაწყვეტილებამ განაპირობა ჩემი წარმატება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვიმუშავე ფრილანსერად კონსალტინგის სფეროში 1 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ კი დავაფუძნე სარისკო კაპიტალის მართვის კომპანია „QED Investors.“ მე ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ გადავწყვიტე მომესმინა „სამყაროსთვის“. ჩემი რჩევაა: არ დაუშვა, იყო ყოველდღიურობის მსხვერპლი. შენ იმსახურებ კარიერას, რომელიც მოგცემს საშუალებას, მაქსიმალურად გამოიყენო შესაძლებლობები და იყო რეალიზებული. განაგრძე ძიება, შეისწავლე და მოუსმინე „სამყაროს“.

 

წყარო: TheMuse